უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრიი სიბიჰას განცხადებით, უკრაინისა და მისი მოკავშირეების ერთობლივი წინადადებები ვლადიმერ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, დაასრულოს ომი და თავიდან აიცილოს კოლაფსი, რომლისკენაც რუსეთს კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია მიაქანებს. ამის შესახებ უკრაინულ მედია საშუალება „უკრინფორმი” იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ეს განცხადება NATO-ს სამიტის კულუარებში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
სიბიჰას თქმით, სამიტზე გაჟღერებული შეფასებები ფრონტის ხაზზე არსებულ რეალურ ვითარებასთან დაკავშირებით „საერთო მნიშვნელამდე“ დადის — უკრაინამ დაასტაბილურა ფრონტი, აქვს პროგრესი და ეფექტურად იყენებს ასიმეტრიულ ოპერაციებს, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს კიევის სამომავლო მოლაპარაკებების პოზიციას.
„ვფიქრობ, სულ უფრო აშკარა და თვალსაჩინო ხდება, რომ პუტინისთვის ომი არა მხოლოდ გეგმის მიხედვით არ მიდის, არამედ იგი პირდაპირ კოლაფსისკენ მიჰყავს. ის წინადადებები, რომლებიც დღეს უკრაინას მოკავშირეების მხარდაჭერით აქვს, უდავოდ არის შანსი პუტინისთვის, დაასრულოს ეს ომი და, ფაქტობრივად, თავი დააღწიოს მოსალოდნელ კოლაფსს“, — აღნიშნა სიბიჰამ.
„უკრინფორმის“ ცნობით, უკრაინის მოკავშირეების შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია 54-ჯერ გაიზარდა.


















