სიამაყით და სიხარულით მივესალმები საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”!… ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია! ალტერნატივა არ არსებობს – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ციხიდან ეხმაურება და მიესალმება საზოგადოებრივი მოძრაობა “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” შექმნას. ნიკა გვარამიას განცხადება მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება:

“დიდი სიამაყით და სიხარულით მივესალმები საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”! მივესალმები და ვუერთდები რუსთავის მე-12 დაწესებულების 212-ე საკნიდან.

დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს მოაწერდნენ შოთა, ილია, სულხან-საბა, დიმიტრი ყიფიანი, ქართველი გლეხი, რომელმაც დიადი ქართული მრავალხმიანობა შექმნა, ჯვაროსნულ ლაშქრობაში თუ ნატოს ოპერაციებში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კირიონ მეორე და ამბროსი ხელაია, ივანე ჯავახიშვილი და დიმიტრი უზნაძე, ვაჟა-ფშაველა და დავით კლდიაშვილი, მარო მაყაშვილი, გენერალი კვინიტაძე, დაღუპული ქართველი იუნკერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, გიორგი ანწუხელიძე, თავისუფალი სამყაროს დასაცავად უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები!

დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს ვაწერთ თავისუფალი და ამაყი ქართველი ხალხი, თითოეული გულმხურვალე მედასავლეთე ქართველი პატრიოტი!

დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს მოაწერენ ჩვენი მომავალი თაობები – ჩვენი მთავარი განძი, სიამაყე და იმედი!

ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია! ალტერნატივა არ არსებობს და ვერც იარსებებს!
ჩვენი ერის, უძველესი ევროპელების, მთავარი საკაცობრიო სიმბოლო, ოქროს საწმისი, ინახება სწორედ ევროპულ ოჯახში და ჩვენ, თავისუფალი და ამაყი ქართველი ერი, აუცილებლად უნდა ვიყოთ ოქროს საწმისის მცველების ამ დიდ და მტკიცე ოჯახში, როგორც თანასწორი, თანასწორთა შორის!
“… მომავალი ჩვენია”! ნათქვამია ნიკა გვარამიას გზავნილში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, რომ შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ შედგა – შედგა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები თავზე საგზაო რუკით გვედგნენ და სწორ მითითებებს გვაძლევდნენ
შემდეგი სტატიახერსონის ოლქში უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული სუ-35 ჩამოაგდეს