შვილმოკლული დედა შენთან მოვედი, თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი და თვალებში შემომხედე – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა სოსო გოგაშვილს მიმართავს

„შენ თუ ადამიანობის ერთი პროცენტი გაქვს შერჩენილი, მე შვილმოკლული დედა შენთან მოვედი, თუ გაქვს კაცობა, თუ გყოფნის ვაჟკაცობა, ჩამოდი და თვალებში შემომხედე,“ – ასე მიმართა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს სოსო გოგაშვილს.

პანკისში მოკლული ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები შვილმოკლულ მამებთან ერთად ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციას მართავენ.

ისინი სოსო გოგაშვილის დასჯას ითხოვენ, რადგან მათი მტკიცებით, სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის სპეცოპერაციას, რომლის დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.

„რის გულისთვის, არაფრის გულისთვის წამართვი თემირლანი. თემირლანი შენი ნიკოლოზივით განებივრებული არ იყო. თემირლანი ალალ-მართალი, პატიოსანი, ზრდილობიანი ბავშვი იყო, რას ერჩოდი, რის გულისთვის წამართვი, ერთადერთი განუმეორებელი შვილი. ნუთუ სინდისი არ გყოფნის, რომ ჩამოხვიდე და აღიარო შენი არაადამიანობა, შენი დანაშაული,“ – განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მედიკო მარგოშვილის თქმით, სოსო გოგაშვილი ქვეყნიდან გაქცევას გეგმავს.

„შენ ვიცი, რომ გაქცევას აპირებ. ამერიკაში კი არა ქვეყნის დასალიერშიც რომ ჩახვიდე, შენ ჩემი შვილის სული არ მოგასვენებს, შენს სინდისზეა ჩემი შვილის მკვლელობა. შენ, არაადამიანო, მეც მიყვარდა, როგორც შენ გიყვარს შენი ნიკოლოზი,“ – აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ეს შენობა არის მკვლელების, ამათ დაგვიხოცეს შვილები, ძირს „ქართული ოცნება“ მკვლელების ოცნება”
შემდეგი სტატია,,შენ რომ შეუერთდი „ნაცმოძრაობას“, გგონია რამე „გონორზე“ დაგვიწყებ ლაპარაკს და რამეს გაპატიებთ თუ რა?”