შვიდ ცნობილ ორგანიზაციას ბოლო წლების განმავლობაში საშემოსავლო ნაწილში დაფიქსირებული ჰქონდა 85 მილიონი, რაც მიკვლევადი გახდა საშემოსავლო გადასახადის, საშემოსავლო დეკლარაციების და ზედნადების მიხედვით, შესაბამის სამსახურს კი მხოლოდ 15 მილიონის გრანტების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.
მდინარაძის თქმით, აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 15 მილიონიც სავარაუდოდ მხოლოდ იმიტომ დაადეკლალირეს, რომ გრანტი დღგ-სგან თავისუფლდება.
„მთავრობამ ჩამოწერა რამდენიმე, შვიდი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია ყველაზე ცნობილი 15-20 ორგანიზაციიდან, დაავალა შესაბამის სამსახურებს, რა ფიქსირდებოდა, რისი მიკვლევა შეიძლებოდა მათ ხარჯებში. 85 მილიონი ლარი ბოლო წლების განმავლობაში მიკვლეული იქნა საშემოსავლო გადასახადის, საშემოსავლო დეკლარაციების და იმ ტრანზაქციების მიხედვით, სადაც ზედნადები იქნა გამოყენებული. სხვა რაიმე ხარჯი მიკვლევადი ვერ იქნა. ანუ, რაღაც პერიოდის განმავლობაში 85 მილიონს მიაკვლია ხარჯვით ნაწილს. კაცმა არ იცის, ამ გრანტებიდან, საიდანაც 85 მილიონი დაიხარჯა, 200 მილიონი იყო გრანტი, 300, 500 , 700, მილიარდი თუ ორი მილიარდი? კაცმა არ იცის. ყოველ შემთხვევაში, 85 მილიონი საშემოსავლო ნაწილში დაფიქსირებული ჰქონდათ, რაც მიკვლევადი გახდა ზედნადებების მიხედვით, ხოლო იმავე პერიოდში შესაბამის სამსახურს მხოლოდ და მხოლოდ 15 მილიონის გრანტების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. ანუ, მოხდა ისე, რომ დაადეკლალირეს, ცნობილი გახადეს 15 მილიონი სავარაუდოდ იმიტომ, რომ გრანტი თავისუფლდება დღგ-სგან. დღგ-სგან რადგან თავისუფლდება,ვთქვათ, მანქანა შემოიყვანა, რაღაც ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც უნდა, დღგ დაიბრუნოს, გათავისუფლდეს ზოგადად დღგ-სგან ან იმპორტის გადასახადისგან, ამ შემთხვევაში მიდის შესაბამის სამსახურში და ამბობს, რომ მე ეს ტრანზაქცია, ეს ოპერაცია არ უნდა დამებეგროს დღგ-თი, ან თუ ჩაითვალა და შესული იყო ფასში, უნდა დამიბრუნდეს უკან. თუ უნდა გათავისუფლება დღგ-სგან და იმპორტის გადასახადისგან, მხოლოდ ამისთვის დააფიქსირებს გრანტს და გრანტის ხელშეკრულება მიაქვს. სხვა შემთხვევაში, გრანტის ხელშეკრულება სახელმწიფო უწყებებს არ გააჩნია. გაუმჭვირვალეა, მეტი პრობლემა არ არის. 15 მილიონის შემოსავალია დაფიქსირებული, 85 მილიონის ხარჯვა და რა პრობლემააო, მეკითხებით. 85 მილიონი მიკვლევადი გახდა საშემოსავლოს და ზედნადების მიხედვით. ამ დროს, იგივე პერიოდში, იგივე შვიდ ორგანიზაციას გრანტთან დაკავშირებით, ისიც დღგ-სგან და იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლება რომ უნდოდათ, წარდგენილი აქვთ მხოლოდ 15 მილიონზე ინფორმაცია. საგადასახადოსთვისაც კი გაუმჭვირვალეა, სხვა ვალდებულება არ აქვთ. საგადასახდოშიც რომ გაუმჭვირვალეა, ხალხმა რა უნდა იცოდეს. ვერ ვასახელებ ორგანიზაციებს, საიდუმლოა, არ შემიძლია, რომ ვილაპარაკო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.