შვეიცარიის პრეზიდენტის ვიოლა ამერდის განცხადებით, პირველმა სამშვიდობო სამიტმა შესაძლებელი გახადა ერთობლივი ხედვის მიღწევა ბირთვული უსაფრთხოების, სურსათისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ამის შესახებ მან პირველ სამიტის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შვეიცარიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირველად უმაღლეს დონეზე ისაუბრეს უკრაინაში მშვიდობაზე და არა იარაღზე და ომზე, რაც, მისი აზრით, მიუხედავად სხვადასხვა თვალსაზრისის არსებობისა, ბიძგს აძლევს სამშვიდობო პროცესს.
„რჩება ერთი საკვანძო კითხვა: როგორ და როდის შეიძლება ჩაერთოს რუსეთი ამ პროცესში? ჩვენ ეს მოვისმინეთ თქვენს ბევრ განცხადებაში. ორივე მხარემ უნდა მიიღოს სოლიდური გადაწყვეტილება”, – განაცხადა ამგერდმა.
მისი თქმით, ამდენი სახელმწიფოსა და ორგანიზაციის მაღალ დონეზე ჩართულობამ შესაძლებელი გახადა ფართო დიალოგის დაწყება და საერთო იდეების განვითარება უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად.
„ჩვენ მოვახერხეთ საერთო ხედვის მიღწევა აქ, ბიურგენშტოკში… ჩვენ მკაფიო სიგნალს ვუგზავნით უკრაინელ ხალხს და ყველა მათ, ვინც უშუალოდ დაზარალდა ომის შედეგებით“, – განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარიაში უკრაინის მიერ ინიცირებულ გლობალურ მშვიდობის სამიტში მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დიდმა უმრავლესობამ ხელი მოაწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელშიც დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
80-მდე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა კომუნიკეს, თუმცა საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, სამხრეთ აფრიკამ, სომხეთმა, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ბრაზილიამ კომუნიკეს მხარი არ დაუჭირეს.