შვეიცარია არ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს. გადაწყვეტილება შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ მიიღო.
განცხადების თანახმად, დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები ვერ შეძლებენ რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებით მიიღონ შენგენის ვიზა ან გადაკვეთონ შენგენის საერთაშორისო საზღვარი.
შვეიცარია არ აღიარებს რუსეთის მიერ გაცემულ დიპლომატიურ და ჩვეულებრივ პასპორტებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვასა და მეზღვაურების საიდენტიფიკაციო ბარათებს.
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისთვის საბუთები სხვადასხვა თარიღის მიხედვით არ იქნება აღიარებული. საქართველოს დროებით ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული. შესაბამისად, ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული პასპორტებით შენგენის ვიზის აღება შეუძლებელი იქნება.
“რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს განაცხადა, რომ ის ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ძალიან ცოტა სახელმწიფომ გააკეთა ეს და შვეიცარია ამ რეგიონებს თვლის, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს”, – ვკითხულობთ ფედერალური საბჭოს განცხადებაში.
შეზღუდვების მიუხედავად, შვეიცარია ვიზების გაცემას კვლავ გააგრძელებს მხოლოდ კონკრეტული მიზნებით, მათ შორის ჰუმანიტარული მიზეზების გამო.