შვედეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 6 მარტს ქალაქ ტრელებორგთან, შვედეთის წყლებში, ყალბი დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი “Caffa” დააკავეს.
სანაპირო დაცვის განცხადებით, გემი გვინეის დროშის ქვეშ დაცურავდა, თუმცა, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტომ ის უსახელმწიფო ხომალდად ჩათვალა.
ამასთან, სააგენტო წერს, რომ დაწყებულია წინასწარი გამოძიება ზღვისთვის ვარგისიანობის შესახებ საზღვაო აქტის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით.
ტაბულას ინფორმაციით, შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა განაცხადა, რომ ხომალდი Caffa, რომელიც ბალტიის ზღვაში დააკავეს, უკრაინის სანქციების სიაშია, გაურკვეველია მისი მმართველობის სტრუქტურა და შესაძლოა, მას არ ჰქონდეს დაზღვევა.
უკრაინის პრეზიდენტის კომისარმა სანქციების საკითხებში, ვლადისლავ ვლასიუკმა, თქვა, რომ დაკავებული გემი მაროკოდან სანქტ-პეტერბურგისკენ მიემგზავრებოდა და მას მარცვლეული გადაჰქონდა.
ვლასიუკის მიხედვით, წარსულში გემი მონაწილეობდა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულის მოპარვაშიც. მან ასევე დაამატა, რომ გემმა ტვირთი სირიის ტარტუსის პორტში დატოვა.
ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედეთს “რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯისთვის”.


















