შვედეთის ყოფილი პრემიერი კარლ ბილდტი The washington post-ზე მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება

“არჩევანი თბილისზე, ქვეყნის მომავალი კი სასწორზეა” – წერს შვედეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს მოქმედი თანათავმდჯომარე საგარეო ურთიერთობების საკითხებში კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე.

ბილდტის წერილში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სათავეში 2003 წელს ვარდების რევოლუციით მოვიდა, აღმოფხვრა კორუფცია, გაატარა რეფორმები და ქვეყანა პროგრესულობისკენ დაძრა. მისი თქმითვე, 2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვისა და მილიონერი ივანიშვილის პარტიის გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა.

კარლ ბილდტი ამბობს, რომ პოლარიზება, რომელიც სააკაშვილის მომხრეებსა და მართველ პარტიას შორის არსებობს, ქვეყნის დემოკრატიას და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის. მისი თქმით, ივანიშვილის პარტია მალევე გადაიქცა ანტი-სააკაშვილის პარტიად.

ბილდტის თქმითვე, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობა, ასევე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქართულ საზოგადოებაში რეაქციულ ძალებს აჩენს.

ბილდტის აზრით, საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს, დაკავების ნაცვლად, სასამართლოს გზით თავდაცვის შესაძლებლობა უნდა მისცეს.

“ახლა საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია კანონის უზენაესობის დაცვა მყისიერი დაკავების ნაცვლად. მთავრობამ უნდა მისცეს სააკაშვილს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი სამართლიანი სასამართლოსა და საერთაშორისო დაკვირვების პირობებში”. – წერს კარლ ბილდტი.

ის საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, არა მხოლოდ მედიაციით განაგრძოს ძალისხმევა, არამედ მკაფიო სიგნალიც გაუგზავნოს თბილისს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევა შესაძლებელია დემოკრატიული პრინციპებით, კანონის უზენაესოების პატივისცემით და შურისძიების პოლიტიკაზე უარის თქმით.

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო და თქვა, რომ საქართველოშია, უფრო კონკრეტულად კი – ბათუმში. იმავე საღამოს ის თბილისში, სანზონაში დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიბრალდებულებმა იცოდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი იძებნებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს
შემდეგი სტატიაქუთაისის უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა