შვედეთი მზადყოფნას გამოთქვამს, დაიწყოს მუშაობა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მიზნით

ვიცე-პრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივან ლარს ვესტბრატს შეხვდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საემიგრაციო პოლიტიკა განიხილეს.

შვედი სახელმწიფო მინისტრისგან გამოითქვა წუხილი, რომ საქართველოს მოქალაქეთა მიერ შვედეთში თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების რიცხვი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს.

თეა წულუკიანმა სტუმარს გაუზიარა ინფორმაცია იმ ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად ტარდება და ხაზი გაუსვა საქართველოსა და მისი მომავალი თაობებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას.

იუსტიციის მინისტრი, ასევე, მიესალმა შვედეთის მზაობას, დაიწყოს მუშაობა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მიზნით. შვედეთში თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რაოდენობამ მოიმატა 2017 წლიდან, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, თუმცა, ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნები საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებენ. სწორედ ამიტომ საქართველო შვედეთთან საიმიგრაციო საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოს ორმა ქვეყანამ, რათა ჩვენს ქვეყანას და მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან. ევროკავშირთან უვიზო რეჟიმს მივაღწიეთ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მრავალი რეფორმისა და გატარებული ღონისძიების შედეგად; შვედეთის სახელმწიფო მდივნისგან კი მოვისმინეთ ის სიახლეები, რომელთაც თავად შვედეთი ატარებს თავის ქვეყანაში, რათა გაამკაცროს სისხლის სამართლის პოლიტიკა და სხვა წესები იმისთვის, რომ ის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც მათ კანონს არღვევენ, იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში რაც შეიძლება მალე. ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ ჩვენი მოქალაქეები უკან მივიღოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეხვედრის დასასრულ, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს – გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. აღსანიშნავია, რომ დაბრუნების და რეადმისიის კუთხით შვედეთთან თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერია. შვედეთის იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ლარს ვესტბრატი, საქართველოს 26 ნოემბერს დატოვებს.

banner
წინა სტატიაში“ღმერთს შევთხოვ ამ ბავშვებს სასჯელი არ მოუვლინოს”-ქანთარია “გირჩის” “წმინდა ბიძნას ხატებზე”
შემდეგი სტატიადამოუკიდებელმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომა დატოვეს