„შუბლებს დაგიხვრეტთ“ – რა წერია სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილებისადმი გაგზავნილ მუქარის შეტყობინებებში

„სიცოცხლე არ გინდათ, შუბლებს დაგიხვრეტთ“, – ასეთია ერთ-ერთი შეტყობინება, რომელიც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა და მისმა შვილებმა მუქარის სახით მიიღეს.

შეტყობინებების „სქრინშოთები“ სალომე ზურაბიშვილის შტაბში მიაწოდეს. პირი შეტყობინებებში ზურაბიშვილსა და მის შვილებს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და მიმართავს. ასევე, მოუწოდებს საქართველო დროზე დატოვონ. არსებობს ამავე შინაარსისა და უცენზურო სიტყვების შემცველი აუდიოჩანაწერიც, რომელსაც მუქარის ავტორი სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთ შვილს უგზავნის.

ამასთან, დღეს მუქარასთან დაკავშირებით, ზურაბიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამაც ისაუბრა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს „სქრინშოტები“ ნანახი მაქვს, აუდიოჩანაწერიც. აქ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი, შესაბამისად, ეს პირი არ არის „ფეიკი“, არის კონკრეტული პირი, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია“, – განაცხადა გაბუნიამ და შს სამინისტროს გამოძიებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას და მის შვილებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ყოფილი სამხედროები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. სალომე ზურაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა, ფაქტზე რეაგირება მოახდინონ.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „ისანში“ მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა, რის გამოც მეტროს მუშაობა შეფერხდა
შემდეგი სტატიასოფელ ზეკარში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია