შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღი იცვლება

პარლამენტმა პირველი მოსმენით, ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა საქართველოს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი და 81 ხმით მიიღო.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, ცვლილება შუალედური არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოს წევრის უფლებამოსილების დაწყების თარიღს ეხება.

პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს აღნიშნული შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღეს დაიკავებს.

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივას წარმოადგენს.

აღნიშნული წესი ამ დრომდე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით არჩეულ მერებზე ვრცელდებოდა.

პარლამენტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა თანმდევი კანონპროექტი, რომლის მიხედვით ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შედის.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

წინა სტატიაშიპარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა