,,შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპონენტებს ეს შუამდგომლობა წაკითხულიც არ აქვთ“

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის აცილების თაობაზე პარლამენტის შუამდგომლობის არასწორი ინტერპრეტირება ხდება.

როგორც კახიანმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გადაცემა „2030“-ში განაცხადა, მოსამართლისა და „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის კავშირთან დაკავშირებით არგუმენტი მეორეხარისხოვანია და შუამდგომლობას სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფუძვლები აქვს.

„სამწუხაროდ მთელი დღის განმავლობაში პარლამენტის შუამდგომლობასთან დაკავშირებით არასწორ აქცენტებს ვისმენ და ისე ხდება ყველაფრის წარმოჩენა, თითქოს შუამდგომლობაში ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი არის, ის რომ თითქოს კოლეგიის ორი მოსამართლე წარსულში „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის მოადგილე იყო, როდესაც იგი მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. მე ხელში მიჭირავს 12 გვერდიანი შუამდგომლობა, სადაც ის არგუმენტი – მოსამართლისა და „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის კავშირთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, არის მინიმუმ მეორე ხარისხოვანი, თუ არა მეათე ხარისხოვანი. ამ შუამდგომლობაში დაყენებულია მრავალი არგუმენტი, რომლის თაობაზე ვფიქრობ საკონსტიტუციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ზოგადად სასამართლო ხელისუფლება, როგორც საკონსტიტუციო, ისე საერთო სისტემის სასამართლო, გარკვეულ პოლიტიკურ ეპიცენტრში აღმოჩნდა. კახიანის განცხადებით, ეს არ არის კარგი და სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკისგან განცალკევებული უნდა იყოს.

„სამწუხაროდ, პოლიტიკოსებმა ეს მოახერხეს, რომ სასამართლო ხელისუფლების გარშემო პოლიტიკური აჟიოტაჟია ატეხილი. როდესაც ჩვენი ოპონენტები ჩვენს შუამდგომლობაზე საუბრობენ, მე მათ ვთხოვდი, რომ ჯერ წაიკითხონ შუამდგომლობა და შემდგომ ისაუბრონ მასზე. ხშირ შემთხვევაში ჩვენი ოპონენტებისგან, ზოგიერთი კონსტიტუციონალისტისგან, იურისტებისგან ისეთ შეფასებებს ვისმენ, რომ უბრალოდ შთაბეჭდილება მრჩება, ეს შუამდგომლობა წაკითხულიც არ აქვთ. ამიტომ მე მათ ვთხოვდი ჯერ წაიკითხონ და შემდგომ გააკეთონ ამასთან დაკავშირებით კომენტარები“, – აღნიშნა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, „რუსთავი 2“–ის სარჩელთან დაკავშირებით, მოსამართლეთა – ამ კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარძელაშვილისა და ამავე კოლეგიის წევრის მაია კოპალეიშვილის, აცილების შუამდგომლობით მიმართა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ არსებობს გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიუკერძოებლობის მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის შუამდგომლობაზე, 2 მოსამართლის აცილების შესახებ, მოსამართლეთა კოლეგია ხვალ იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინიმ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატია,,დავრჩები და ნებისმიერი მფლობელის პირობებში გავაგრძელებ ჩემს საქმეს”