შსს- ზუგდიდში კიდევ 2 მძევალი გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის შენობა კიდევ ორმა ადამიანმა დატოვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ, ზუგდიდში მიმდინარე საპოლიციო ღონისძიების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლებულია და სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დანარჩენი მძევლები უსაფრთხოდ დააბრუნონ თავიანთ ოჯახებში.

„როგორც ვნახეთ, მოლაპარაკებების შედეგად, ორი მძევალი გათავისუფლებულია და მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე ეხლა მიზანმიმართულად არ ვისაუბრებ. ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან: შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის
მოლაპარაკებების პროცესს. ზიანის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შენობაში ამ დრომდე იმყოფება თავდამსხმელი, რომელიც შეიარაღებულია და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს.

21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:15 საათისთვის ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში თავდამსმელი შეიჭრა. მან მძევლად აიყვანა ბანკში მყოფი 19 ადამიანი და მოითხოვა ნახევარი მილიონი დოლარი და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლის გარანტია.

თავდამსხმელმა დღის განმავლობაში 3 მძევალი გაათავისუფლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდული ფრთის წევრები აგრძელებენ ,,კარდაკარი”-ს ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს მუნიციპალიტეტის სოფლების სხვადასხვა უბნის ამომრჩევლებთან
შემდეგი სტატიაახალგაზრდული ფრთის წევრები აგრძელებენ ,,კარდაკარი”-ს ფარგლებში ინდივიდუალურ შეხვედრებს