შსს წაღვერთან მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაბა წაღვერთან მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებული შ. ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, რამდენიმე პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეთა ვინაობა დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე საათში დაადგინა და სამივე მათგანი მალევე დააკავა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. „დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“, – აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზები.

განზრახ მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები ხუთიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე გუშინ 60 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი სავარაუდოდ ნაჯახით თავის არეში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა. მოგვიანებით საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს, რომ ფაქტზე სამი პირია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიმართვის მოწმობა გამოცდების გარეშე – თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სუსმა 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაპარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა მიმდინარეობს