შსს „თბილისი პრაიდზე“: მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა 1-ელ ივლისს დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხო ფორმატში ჩატარდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

„1-ელ ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან. ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს 1-ელ ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდ ”სოხუმისა” და ბრიტანული ხომალდ ”HMS DEFENDER”-ის მონაწილეობით შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართა