შსს “თაიმერის” ექსკლუზიურ ინფორმაციას საგანგებო განცხადებით პასუხობს

2017 წლის 29 მარტს სამტრედიაში, თამარ მეფის ქ–ზე, პოლიციის შენობიდან 50–70 მეტრში, ოთხმა პირმა უმოწყალოდ ცემა შსს დაცვის პოლიციელი. როგორც “თაიმერისთვის” ექსკლუზიურად გახდა ცნობილი 5 ივნისს, იგივე თანამშრმელმა, იგივე პოლიციელი დანით დაჭრა, ზურგის, მხრისა და ხელი არეში.

ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გააკეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი ს.თ. დაზარალებულზე სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ზემოქმედების განხორციელების ბრალდებით (საქართველოს სსკ-ს 372-ე მუხლის მე-4 ნაწილი) დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.თ. მიმდინარე წლის 3 მარტს სამტრედიაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორში საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედია-ვანის ქვეგანყოფილების უმცროსმა ინსპექტორმა, ჯამბულ ხეთერელმა მას კანონის დაცვისკენ მიუთითა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა სამართალდამცველს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.
სამართალდამცველებმა ს.თ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, თუმცა სასამართლომ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით, მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ს.თ. მიმდინარე წლის ივნისის თვეში ჯამბულ ხეთერელს იმავე ტოტალიზატორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დანით შეიარაღებული თავს დაესხა, სამართალდამცველს დანით ხელის არეში დაზიანება მიაყენა და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობის საშიში ძალადობით მისგან მიმდინარე საქმეზე ჩვენების შეცვლას ითხოვდა. შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბრალდებული წარსულში ნასამართლევია ძარცვისა და ყაჩაღობისთვის, ასევე, ციხეში აკრძალული ნივთის შენახვისთვის.
გამოძიება გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 372-ე მუხლის მე-4 ნაწილით.

banner
წინა სტატიაშიფოტორეპორტაჟი-წალენჯიხა ამ წუთებში
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა