შსს-ში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის პრევენციის მიზნით მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სტუმრად მოწვეულ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში – კელი დეგნანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – გიორგი ბუთხუზმა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვაჟა სირაძემ უმასპინძლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრი “112”-ის დირექტორმა – გიორგი არსოშვილმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ – იმედა მაკასარაშვილმა პრეზენტაციაზე მოწვეულ პირებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები, საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე შედეგებს, რასაც ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა იწვევს და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

ვიდეორგოლი ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით შეიქმნა. იგი მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში პოლიციის როლი უმნიშვნელოვანესია, რაც გულისხმობს, როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების შემუშავებასა და ინიცირებას, ასევე, საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და რეგულირების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას.

წელს საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა და ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლებისთვის სასჯელი გამკაცრდა.

ამასთანავე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილებები, რითიც მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება შესაბამის დირექტივებთან.

აღნიშნულის პარალელურად, გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საგზაო მოძრაობის რეგულირების მიმართულებით, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 969, იმერეთში – 246, კახეთში – 119
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე – ხალხის შერიგება თუ გვინდა და არა პოლიტიკოსების გარიგება, ამის ბერკეტი საქართველოში მხოლოდ ეკლესიას აქვს