შსს-ში ოთხასი პოზიციაა შემცირებული-არ შეიძლება 800 ლარი ადეკვატური ხელფასი იყოს

პოლიციელის ხელფასი არაადეკვატურია, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.

„არ შეიძლება, 800 ლარი ადეკვატური ხელფასი იყოს ადამიანისთვის, რომელიც მეორე მოქალაქის სიცოცხლეზე, უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი და თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს“, – განაცხადა გახარიამ.

„შსს–ში რეფორმების ძირითადი მიზანი იყო სამოქალაქო კომპონენტში ოპტიმიზაცია, რომელიც ფაქტობრივად, უკვე განხორციელების ეტაპზეა. დაახლოებით ოთხასი ასეთი პოზიციაა შემცირებული. ეს მხოლოდ ხელფასის ეკონომია არ არის. ეს გახლავთ ამ პოზიციებთან დაკავშირებული ავტოტრანსპორტი, საწვავი. მაგალითად, ზოგიერთი სამმართველოს უფროსს ორი მოადგილე ჰყავდა. ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ ერთიც ეყოფოდა. არსებობდა დეპარტამენტები, რომლებიც გარკვეულ კვლევაზე იყვნენ ორიენტირებული და ჩავთვალეთ, რომ ისინი საჭირო არ იყო. ასევე, იყო ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ინტერპოლი, ევროპოლი, პოლიციის ატაშეები. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ ქვედანაყოფების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება შესაძლებელი იყო და ერთი დეპარტამენტი გავაკეთეთ. იყო კიდევ ბევრი რამ, რაზეც დიდხანს შემიძლია ვისაუბრო“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, რეფორმის მიზანია, ეკონომია, რომელიც სამოქალაქო თანამდებობებზე ოპტიმიზაციის ხარჯზე კეთდება, საპოლიციო მიმართულებით გადამისამართდეს.

„ეს გახლავთ ის, რაც წლევანდელ საბიუჯეტო წელში შეგვიძლია გავაკეთოთ. თუმცა, იქ, სადაც ყველაზე მაღალ რისკებს ვხედავთ და, სადაც ანაზღაურებებს შორის განსაკუთრებით უსამართლო სხვაობაა, გარკვეულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა თითოეული პოლიციელის სოციალური უზრუნველყოფა და სოციალური გარანტიები უფრო მაღალი და ხარისხიანი იყოს“, – განაცხადა გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოციალური გარანტიების ძირითადი კომპონენტი მხოლოდ ხელფასი არ არის.

„ჩვენ ამას უფრო კომპლექსურად ვუდგებით და ვთვლით, რომ ეს ადამიანური რესურსების მართვის ერთ–ერთი კომპონენტია. სოციალური დაცვის ის გარანტიები და პროგრამები, რომლებიც შსს–ში უახლოეს პერიოდში განხორციელდება, სწორედ ჩვენი პოლიციელების სოციალური დაცვისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: ჩვენ ჩადება არ გვჭირდება, ჩადებას არ ვაპირებთ
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: უძლური და უსუსური ხელისუფლების ცქერა ძალიან მძიმეა