შსს-ში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა

შსს-ში ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, საუკეთესო დასავლური გამოცდილებისა და სტანდარტების შესაბამისად, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი – ერთობლივი ოპერაციების ცენტრი – ტექნოლოგიების ცენტრალიზებული ჰაბი, რომელიც შს სამინისტროს ყველა სტრუქტურულ დანაყოფს აერთიანებს. მაღალტექნოლოგიური ცენტრი შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ეს იყო ძალიან ამბიციური პროექტი, თუმცა პრემიერ-მინისტრის, ჩემი გუნდის მხარდაჭერით, მსურს, სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ეს შევძელით! ეს არის 21-ე საუკუნის პოლიცია. მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. იგი იმით არის უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს: უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას. ეს ნოვაცია საშუალებას მოგვცემს, რეალურ დროში მოხდეს დანაშაულზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაზრდის უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხს, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი“, – განაცხადა ცენტრის გახსნაზე შს მინისტრმა.

შსს ადმინისტრაციის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ცენტრის შექმნა რეალურ დროში მოახდენს დანაშაულის კონტროლის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას; დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ან მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირების და ავტომობილების, მიტოვებული და საეჭვო ნივთების დაფიქსირებასა და აღმოჩენას; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ქვეყანაში მომხდარი ინციდენტების და მათზე განხორციელებული რეაგირების ღონისძიებების მონიტორინგს და საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციულ ანალიზს; კრიზისულ სიტუაციებში და მასშტაბური ღონისძიებების დროს სამინისტროს დანაყოფების ერთიან მართვას. აღსანიშნავია, რომ ლონდონში, აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, დანაშაულის მაჩვენებელი 4-5 წელიწადში 416,000-დან 121,770-მდე შემცირდა. ნიუ-იორკში – 2014 წლის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძალადობრივმა დანაშაულმა (მოსახლეობის ნახევარმილიონიანი ზრდის მიუხედავად) – 9,5%-ით იკლო, ჩიკაგოში – 26%-ით, ხოლო ესპანეთში დანაშაულის მაჩვენებელი 10-15%-ით შემცირდა. მაღალი ტექნოლოგიებისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის გამოყენებით, საქართველო ჩაერთვება უსაფრთხოების ერთიან გლობალურ სისტემაში, გახდება მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოკავშირე ტერორიზმის, ნარკოტიკებისა და ადამიანით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ცენტრის გახსნასთან ერთად, შს სამინისტრო საქართველოს სამ ქალაქში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმის საპილოტე პროექტის განხორციელებას იწყებს. ამ პროექტმა უნდა ჩაანაცვლოს სტატისტიკაზე დაფუძნებული მიდგომა, ხოლო პოლიცია დანაშაულის შედეგებთან მებრძოლი ძალიდან დანაშაულის მიზეზების აღმოფხვრაზე მომუშავე ძალად გარდაიქმნება.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე : “ასეთი მეთოდებით ბრძოლა და ზოგადად, ფარული ჩანაწერების გავრცელება მიუღებელია”
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ოპერაციების ცენტრი საქართველოს პოლიციის განვითარების შეუქცევადი, სრულიად ახალი ეტაპი იქნება”