შსს-ში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით დეპარტამენტი იქმნება

შსს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალი დეპარტამენტი შეიქმნება. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თქვა.

გახარიას თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ უწყებაში გამოწვევები “საკმაოდ მაღალია”.

“მივიღეთ გადაწყვეტილება ცენტრალური აპარატის დონეზე შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებები. ვფიქრობ, ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, იქამდე სანამ არ დასრულდება უწყებაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოოდ დახვეწა და რეფორმირება”, – განაცხადა შს მინისტრმა. გახარია ვარაუდობს, რომ რეფორმა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გიორგი გახარია პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

პრემიერმინისტრი უკვე მესამედ, ამჯერადაც განახლებული შემადგენლობით, პარლამენტის წინაშე დღეს წარსდგება. უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციასთან შესახვედრად პრემიერმინისტრი პარლამენტში დღის მეორე ნახევარში მივა, მანამდე კი, კაბინეტის წევრები დეპუტატების კითხვებს, დილიდან კომიტეტის ფორმატში უპასუხებენ. მმართველი გუნდის წევრებს შეკითხვები მზად აქვთ, თუმცა უკვე იციან, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი რიგგარეშე სესიაზე ხვალ გავა.

banner
წინა სტატიაშისადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება უნდა იყოს დარეგულირებული – კალაძის მორიგი დავალება
შემდეგი სტატია„მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა“ – დავით სერგეენკო