შსს-ში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა, სავარაუდოდ ოჯახს იცნობდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც გუგეშაშვილებს თავს დაესხა, სავარაუდოდ ოჯახს იცნობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ახალგაზრდა მამაკაცის გვამი და დაჭრილია ქალბატონი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

“პირველადი ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ მკვლელი სავარაუდოდ იცნობდა ოჯახს. გამოძიება 109-ე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ გავაკეთებ კომენტარს. ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ამის თქმა, რომ პირი იცნობდა ოჯახს. ჭრილობები სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით არის მიყენებული”, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიდ დიღომში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„დღეს მიღებული შეტყობინების საფუძველზე 1958 წელს დაბადებული დ.გ.-ს და მის შვილს 1985 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა.

გ.გ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.გ. გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში“, – აცხადებენ შსს-ში.

ასევე, შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდელი გარემოვაჭრეები ქუთაისის პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობით მიემართებიან
შემდეგი სტატია“სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, ქალბატონი ითხოვდა შველას” – გუგეშაშვილების მეზობელი