საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 146 000 ლარს იხდის სანქცირებული რუსული კომპანიის ფონოსკოპიური ექსპერტიზის სისტემის განახლებაში. აღნიშნული პროგრამა ფარული მიყურადების, ტელეფონისა და სათვალთვალო კამერების მიერ ჩაწერილი ხმების ანალიზისთვის გამოიყენება.
„რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, უწყება აღნიშნულ სისტემას გამარტივებული შესყიდვის წესით ყიდულობს.
ხმის ექსპერტიზის პროგრამის მწარმოებელი სანკტ-პეტერბურგში რეგისტრირებული რუსული კომპანია Speech Technology Center-ია (ЦРТ / STC Group). ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის სამინისტროსა და KGB-ს საიდუმლო კვლევითი პროგრამების ბაზაზე შეიქმნა, დღეს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების „შავ სიაშია“.
გამოცემის ინფორმაციით, 2023-2026 წლებში საქართველოს ბიუჯეტიდან ამ რუსული კომპანიის პროდუქციაში ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიხედვით, 2024 წელს — როდესაც კომპანია უკვე სანქცირებული იყო — შსს-მ ხმოვანი სიგნალის მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში 239 499 ლარი გადაიხადა, ხოლო 2023 წელს — 223 400 ლარი.















