შსს საჯარო სკოლებში უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში იწყებს საგანმანათლებლო პროგრამას – „უსაფრთხოების ათი გაკვეთილი“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე ტრენერების გადამზადება მიმდინარეობს.
შსს-ს საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და „112“-ის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები საქართველოს საჯარო სკოლების მეხუთე კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ და უსაფრთხოების საკითხებზე ესაუბრებიან. უსაფრთხოების 10 გაკვეთილის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან საგზაო მოძრაობის, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების და ბუნებრივი კატასტროფების დროს რეაგირების აუცილებელ წესებს.
მიმდინარე სასწავლო წელს, საწყის ეტაპზე პროგრამაში საქართველოს 42 საჯარო სკოლა ჩაერთვება. სპეციალურად ამ პროგრამისთვის მომზადდა გზამკვლევი, რომელშიც ბავშვებისათვის გასაგებ ენაზე, ადაპტირებული სახით წარმოდგენილია უსაფრთხოების თემები. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ პრაქტიკული ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევის დროს.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოზარდების ინფორმირება უსაფრთხოების წესების შესახებ და მათი ცნობიერების ამაღლება კატასტროფების დროს რეაგირებასთან დაკავშირებით.
პროექტის განხორციელებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჩართულნი არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიარუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს