,,შსს-ს წარმომადგენლებს იმ პირთა წრე დავუსახელე, რომლებიც შესაძლოა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ორგანიზატორები იყვნენ”

დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილსა და კრიმინალური პოლიციის უფროსს, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს, იმ პირთა წრე დაუსახელა, რომლებიც მისი ვარაუდით, შესაძლოა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ორგანიზატორები იყვნენ.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ გამოკითხვაზე მოსამართლეებიც დაიბაროს.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება დაზარალებულად რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, კონკრეტული პირების სახელები და გვარები არ დაუსახელებია, თუმცა ისაუბრა გარკვეულ პირთა წრეზე, მათ შორის სასამართლო სისტემიდან.

„მაქვს ვარაუდები იმ პირთა წრის ირგვლივ, ვის ინტერესებშიც შეიძლება შედიოდეს და ვისაც ახასიათებს ასეთი ამაზრზენი მეთოდების გამოყენება”,- ამბობს ბესელია და აკონკრეტებს, რომ გულისხმობს ხალხს, ვისაც უპირისპირდება.

მისი თქმით, მათგან ყველა აკრძალული მეთოდის გამოყენებას ელოდება. კითხვაზე თანაგუნდელებსაც ხომ არ გულისხმობს, ბესელიას ასე პასუხობს: „ჯერ ერთი, ისინი თანაგუნდელები არ არიან, არ მივიჩნევ ასეთ ადამიანებს თანაგუნდელებად. მივიჩნევ ამ ადამიანებს ან სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებად, ან მათ გამგრძელებლად, მიუხედავად იმისა, რა სახელი ჰქვიათ მათ დღეს და რომელი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ არიან. ადამიანების ეს ჯგუფი მგონი, რომ არის გაგრძელება იმისა, რასაც ვებრძოდით ამ წლების განმავლობაში. არ გამოვრიცხავ რეჟიმსა და იმ ხელისუფლებას, ვისაც ვებრძვი დიდი ხანია, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება, ის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები. არ გამოვრიცხავ ჯგუფს, რომელიც არის სასამართლოს შიგნით, რომელთან წინააღმდეგაც ჩვენ გადავდგით ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ასევე, მათთან დაკავშირებული პირები. გამორიცხვით ამას ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ ბრალს არავის არ ვდებ”,- განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, დაელოდება გამოძიების შედეგებს, მანამდე კი უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევას არ აპირებს.

დეპუტატის განმარტებით, ფაქტია, რომ მტკიცებულება, რომელზეც პირადი ცხოვრების კადრებია ასახული, არ განადგურებულა.

„ეს მტკიცებულება დარჩა მასთან, ვისაც ეს ჰქონდა და ვინც ეს ჩანაწერი განახორციელა უკანონოდ, ეს იყო წინა ხელისუფლება. ეს ჩანაწერი, დარჩა სისხლის სამართლის საქმეში და დევს იქ, როგორც ასლი, მტკიცებულება და ეს პროცესი არ დასრულებულა. მისი მოპოვების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობდა, მხოლოდ როგორ მოხდა ამ ჩანაწერის მიღება, ვინ მოიპოვა, როგორ გააკეთა და რატომ, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ჩვენ მთავარია, რომ მიზანს არ ავცდეთ”,- აცხადებს ბესელია, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას გააგრძელებს და გაჩერებას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშითელავის სოფელ ყარაჯალაში მკვლელობა მოხდა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო რუსი მიტროპოლიტის საპასუხო განცხადებას ავრცელებს