შსს-ს წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი “112”-ის წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ლაგოდეხში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი – ბესიკ ზედელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური სამსახურისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები, ასევე, სკოლის დირექტორები და ადგილობრივი მოსახლეობა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და მსხვერპლის დაცვის მექანიზმები გააცნეს.

“112- ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ნომრის – 112-ის და ცენტრის ინოვაციური სერვისის – მობილური აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მობილური აპლიკაციის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა “SOS – ჩუმი განგაში”. ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს საუბარი არ შეუძლია და ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას, მას შეუძლია გამოიყენოს “SOS – ჩუმი განგაშის” ფუნქცია, მაგალითად, ოჯახური ძალადობის, გატაცების, ყაჩაღობის დროს ან სხვა მსგავს გადაუდებელ შემთხვევებში და დახმარება ითხოვოს,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში,,დღეს ჩემს შვილთან ერთად მოკვდა ეს ხელისუფლებაც და ის საზოგადოებაც , რომელიც ცდილობდა ტალახი ესროლა ჩემი შვილისთვის”
შემდეგი სტატიანანა კაკაბაძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება