შსს-ს თანამშრომლები ტვ პირველში – გამომძიებლებმა არხის სერვერი წაიღეს

ტვ “პირველში” გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს. შსს-ს კიბერდანაშაულის დეპარტამენტის თანამშრომლები შენობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 224 -ე და 286-ე მუხლებით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფას გულისხმობს.

“კურიერის” ინფორმაციით, გამოძიებას იგივე ადამიანები ატარებენ, ვინც ერთი წლის წინ “თიბისი” ბანკზე კიბერშეტევის საქმე ჩაიბარა, თუმცა ვერაფერი გამოიძია. იმის მიუხედავად რომ მაშინ იცოდნენ მისამართი – რუსთაველის 12, საიდანაც ბანკზე, კიბერშეტევა მოხდა.

ტვ პირველის IT სამსახურში ამბობენ, რომ გამომძიებლებმა ტვ პირველის სერვერი წაიღეს.

„სავარაუდო არის რომ კრიპტოვირუსი არის გავრცელებული იმ სერვერზე საიდანაც ხდებოდა ამ ფაილებს გაზიარება, სამონტაჟო ფაილების გაზიარება. საიდაც იღებდა სთრინინგისთვის სერვერი ინფორმაციას. დაკრიპტულია ეს ფაილები აბსოლუტურად ყველა და შესაბამისად შეუძლებელია ლაივ რეჟიმში მაუწყებლობა ტელევიზიის. სერვერი წაღებულია . შსს-ს საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა. მიმდინარეობს მუშაობა. ან აღდგენითი სამუშაოები ან მინიმუმ დადგენა იმის რით იყო ეს ყველაფერი გამოწვეული. კრიპტოვირუსების უმეტესობას აქვს ხელწერა სადაც ფიქსირდება ელექტრონული ფოსტა, შეიძლება ეს იყოს ეკრანზე, დესკტოპზე სქრინი და კონკრეტული მესიჯები. სხვა კრიპტოვირუსებისგან განსხვავებით შეიძლება სირთულე იყოს რომ დეკრიპტორები არ არსებობდეს და ამის სანაცვლოდ მოითხოვებოდეს, რომ ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ანაზღაურება იმ ბოროტმოქმედების მხრიდან, მითითება იყოს რომ კომუნიკაცია მოხდეს მათთან,“-განაცხადა ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტმა გიორგი გვასალიამ.

უკვე ათი საათია „ტვ პირველი“ ავარიულ რეჟიმში მუშაობს. დამოუკიდებელ ტელევიზიას დაკარგული აქვს წვდომა, მთავარ სერვერზე, ვიდეო არქივზე და ყველა იმ ვიდეომასალაზე რომელსაც არხი უკვე ხუთი წელია აგროვებს. კიბერთავდასხმის შემდეგ ტვ პირველმა ისევ ვერ შეძლო საინფორმაციო გამოშვების ეთერში გაშვება. მაუწყებლობა მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა.

banner
წინა სტატიაშირძალმა დედამთილს 5 ათასი ლარი მოჰპარა – 26 წლის ქალი დედამთილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს
შემდეგი სტატია“ბოლო მოვლენების კონტექსტში კარგად ჩაჯდა ის რაც ხდება” – ტრაპაიძე კიბერთავდასხმაზე