შსს-ს ქმედებები 5-6 ივლისს – “საიამ” გენპროკურატურას მიმართა

5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებების გამოძიების მოთხოვნით, საიამ გენერალურ პროკურატურას 9 დაზარალებული ჟურნალისტის სახელით განცხადებით მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საია ამ დრომდეც მოუწოდებდა პროკურატურას, შეეფასებინა, ძალადობრივი განვითარების თავიდან ასარიდებლად/აღსაკვეთად რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება, გამოძიება ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს.

მათი ცნობით, ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანო მხოლოდ ცალკეული ფიზიკური პირების დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენაზე მუშაობს, რაც არასაკმარისია.

“როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროები, ასევე, დაზარალებულების ახსნა-განმარტებები მიანიშნებს, კონტრაქციის მონაწილეთა წინასწარ დაანონსებული მობილიზაციის მასშტაბების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ უზრუნველყო სათანადო ზომების მიღება.

კერძოდ, პრობლემური იყო შსს-ს მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, რაც გულისხმობდა მომხდარი ძალადობის პრევენციასა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დროულ აღკვეთას. აშკარაა, რომ სამინისტროს საქმიანობა არ იყო დაგეგმილი იმგვარად, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი აქციის მონაწილეთა თუ მედიის წარმომადგენელთა უფლებების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა მათი ჯანმრთელობის დაზიანება და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა.

დაზარალებულთა თქმით, ადგილზე მყოფი პოლიციელები ცალკეულ შემთხვევებში იმდენად უმოქმედოდ იყვნენ, რომ ამით პრაქტიკულად ხელს უწყობდნენ მოძალადეებს განზრახვის სისრულეში მოყვანას”,- ნათქვამია განცხადებაში.

საიას ცნობით, გამოძიება უნდა წარიმართოს როგორც შსს-ს ხელმძღვანელი პირების, ისე ცალკეული სამართალდამცავების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიმართულებით.

წინა სტატიაშიკრამონი – საქართველოს პრეზიდენტის როლი შესაძლოა, მომდევნო კვირებში გადამწყვეტი იყოს
შემდეგი სტატიაკალაძე: მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდის გამაგრება დასრულებულია