ნინო ბურჯანაძე – მიწის გადაცემასთან დაკავშირებით ბრალდება პრაქტიკულად, სამშობლოს ღალატია, ამას გამჭვირვალე გამოძიება სჭირდება

პირველ რიგში, მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ თუ ოდესმე, დღეს, ხვალ, ზეგ ან მომავალში, დადასტურდება, რომ ნებისმიერი ადამიანი რამენაირად კავშირშია ქართული მიწის ერთი გოჯის სხვა ქვეყნისთვის გადაცემაშიც კი, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით ბრალდება სამშობლოს ღალატის ტოლფასია და გამოძიება გამჭვირვალე, პოლიტიზების გარეშე უნდა იყოს წარმართული.

ამასთან, როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, „ქართული ოცნებას“ ამ მიმართულებით აქამდე ნაბიჯი არ გადაუდგამს, წინასაარჩევნო პერიოდში კი ამ თემის გახმაურების უკან დგას არა ქვეყნის, დავით გარეჯის სიყვარული და ტერიტორიების დაცვის მცდელობა, არამედ პოლიტიკური პიარი.

„პირველ რიგში, მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ თუ ოდესმე, დღეს, ხვალ, ზეგ ან მომავალში, ნებისმიერი ადამიანი რამენაირად კავშირშია ქართული მიწის ერთი გოჯის სხვა ქვეყნისთვის გადაცემაშიც კი, რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი უნდა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. მეორე, რა თქმა უნდა ბრალდება მიწის გადაცემასთან დაკავშირებით არის უმძიმესი ბრალდება, პრაქტიკულად, სამშობლოს ღალატია და აქედან გამომდინარე, ამ ბრალდებას სჭირდება ძალიან გამჭვირვალე გამოძიება, სერიოზული მიდგომა და ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე განხილვა.

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ამ პრობლემის მოგვარება, სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე, მთელი ამ წლების განმავლობაში ვერც ერთი ხელისუფლების მიერ ვერ მოხერხდა. აზერბაიჯანთან ვერ მივედით მოლაპარაკებამდე. რეალურად, მიწის გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულება არ არსებობს, რადგან ასეთი შეთანხმება უბრალოდ არ შემდგარა და ტერიტორიები, რომლებიც არის სადავო, რომლებიც, ასე ვთქვათ, არის განსახილველი, დღემდე შეუთანხმებელ ტერიტორიებად რჩება. ამიტომ, არ ვიცი, ვინ რაზე ლაპარაკობს, როდესაც ლაპარაკია, რომ ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა გადასცა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

დღეს ეს დაადასტურა საქმის პროკურორმაც, ბატონმა სადრაძემ, რომელმაც თქვ, რომ გაჩნდა საფრთხე ტერიტორიების გადაცემის. ანუ საფრთხეზეა ლაპარაკი და არა რაიმე ტერიტორიის გადაცემაზე და დაკარგვაზე. ჩემი პოზიცია არის, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ამ აქტიურობის უკან დგას არა ქვეყნის სიყვარული, არა დავით გარეჯის სიყვარული, არა ასე ვთქვათ, ტერიტორიების დაცვის მცდელობა, არამედ პოლიტიკური პიარი. ვინაიდან რვა წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. რვა წლის განმავლობაში ეს საკითხი არ მოუკითხავს და არჩევნებამდე ორი კვირით თუ სამი კვირით ადრე ამ თემის ასე გახმაურება, მით უფრო, როდესაც აზერბაიჯანი იმყოფება დღეს საომარ მდგომარეობაში, არის ხელისუფლების მხრიდან სიბრიყვე და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ პიარის აგორება.

იმედი მაქვს, ჩვენი მოსახლეობა, ადეკვატურად შეხედავს ამ რეალობას და არ წამოეგება პიარს. ხოლო მომავალმა ხელისუფლებამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. ნამდვილად მაქვს ის ურთიერთობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, მათ შორის აზერბაიჯანთან და მის ლიდერთან, მეყოფა ძალა და გამოცდილება, რომ ეს პრობლემა ჩემს ქვეყანას მოვუგვარო ისე, როგორც ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ ადამიანების დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება იმ ორი ადამიანის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის მუხლით საქმის აღძვრას, არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვიფიქრო ამ ადამიანების დანაშაულზე და დანაშაულებრივ ქმედებაზე, რადგან ჯერჯერობით რაც გვესმის, ჩემთვის, არა მარტო როგორც პოლიტიკოსისთვის, არამედ როგორც იურისტისთვის, ეს არის პიარი და სხვა არაფერი“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატია„ასეთ წესიერ და პატიოსან ადამიანებზე დგას საქართველო“- მიხეილ სააკაშვილი ივერი მელაშვილზე