შსს-ს მინისტრის მოადგილე-ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, მობილიზებულია პოლიცია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია. მისი თქმით, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული, რათა დაცული იქნას წესრიგი.

გუშინ, 8 აგვისტოს დაპირისპირებისას ახალგაზრდა კაცი მოკლეს. შემთხვევიდან ცოტა ხანში, მოკლული კაცის ნათესავებმა რამდენიმე სახლი დაწვეს.

“დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.

ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი”. – ამბობს ბორცვაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისა და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით
და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და
იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიბაჩალიაშვილის მამა-ტელეფონი არ უნდა გაეხსნათ ადვოკატის გარეშე
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია, ორი მედპერსონალია, ორი კი იმპორტირებული შემთხვევა