შსს-ს ინფორმაციით, ვარკეთილში, შურისძიების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცის მოკვლის შემდეგ, ბრალდებულმა მოკლულის ცოლი გაიტაცა

ვარკეთილში, 8 აგვისტოს მომხდარი მკვლელობა ბრალდებულმა პირმა შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა, – ამის შესახებ „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული დაკავებულია და მას 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კერძოდ, სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილის დასახლებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ძებნილი, 1989 წელს დაბადებული ც.გ. გარდაბანში დააკავა. დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ღამით, შურისძიების ნიადაგზე, 1977 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, მისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიყენა, მკვლელობის დროს სადარბაზოში შემთხვევით შესული 1970 წელს დაბადებული ლ.ქ. კი დაჭრა. ამის შემდეგ, ც.გ.-მ გ.ფ.-ს მეუღლე – 1985 წელს დაბადებული თ.ბ. გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მასთან ერთად მიიმალა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად, გ.ფ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლ.ქ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებაში. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

სამართალდამცველებმა გატაცებული ქალი მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე იპოვეს. თ.ბ.-ს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი გადაიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების, მისი შენახვა-ტარებისა და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, 19-109 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს
შემდეგი სტატია,,უახლოეს მომავალში დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ვისაც „ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს”