შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ 2 პირი დააკავა

შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს
სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო
სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის, 1986 წელს
დაბადებული ი.ჭ.-სა და მასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების: 1985 წელს
დაბადებული ვ.ს.-ს და 1984 წელს დაბადებული ვ.შ.-ს მიმართ ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე
მუხლის პირველი ნაწილით.

მიმდინარე წლის 16 მარტს აღნიშნული პირები ქალაქ ზუგდიდში, ლევან მეორე
დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით
გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის
თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები –
პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, პოლიციის თანამშრომელს – ი.ჭ.-ს ჯიბეში აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი
ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას,
წინა მარჯვენა კარის სათავსოში, ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა
საინექციოდ გამზადებული ე.წ. „შპრიცი“ – სითხის შიგთავსით.

აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნანახი
და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის კონსტრუქციის
მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.

შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო
სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. და ავტომანქანის
მფლობელი, მოქალაქე ვ.შ. დააკავა.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს ნარკოტიკული საშუალება
ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და მეტადონის მოხმარების ფაქტი
დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები.

banner
წინა სტატიაშიბატონ ქუმსიშვილს შეეშალა დათვლა
შემდეგი სტატიაპენსიონერი დების დაყაჩაღებისა და ერთ-ერთი ქალის მკვლელობისთვის, ორი პირი დააკავეს