შსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდნენ

შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრები, საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები
ავთანდილ ჭრიკიშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ტოკიოში გამართული ტურნირიდან
გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მათ 4-6 დეკემბერს, ტოკიოში გამართულ პრესტიჟულ
ტურნირზე ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გრან-სლემის პრიზიორ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დახვდნენ.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ტოკიოს
გრან-სლემის ჩემპიონი გახდა. იგი პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც
ტოკიოს პრესტიჟულ ტურნირზე საქართველოს დროშა ასწია და ჰიმნი შეასრულა.
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრმა 33 წლის შემდეგ ტოკიოს გრან-სლემის
საუკეთესო შედეგი გაიმეორა – 1982 წელს, ტოკიოში დავით ბოდაველმა
გაიმარჯვა, მას შემდეგ კი მისი მოგება ქართველთაგან ვერავინ შეძლო.

ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველივე შეხვედრაში იაპონელ მეტოქეს – კეიტა
ნაგაშიმას ვაზარით სძლია, ხოლო ჰოლანდიელი მეტოქე ფრენკ დე უაიტი – იუკო
იპონით დაამარცხა. ავთანდილ ჭრიკიშვილმა ასევე სძლია ბერძენ რომან
მასტოპულოსს, ფინალურ შეხვედრაში კი – კორეელი სპორტსმენი დაამარცხა.

ტურნირზე ბრინჯაოს მედალი შსს-ს ძიუდოს კლუბის კიდევ ერთმა წევრმა,
ძიუდოისტმა ნუგზარ ტატალაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში
ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი – „მებრძოლი“, შინაგან
საქმეთა მინისტრის ინიციატივით და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის
ხელშეწყობით, 2014 წლის მაისში დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა მსოფლიო
ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორია. კლუბმა დაარსების
პირველივე წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორს შეხვდა
შემდეგი სტატიაავტოავარიის დროს გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტებენ