შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო ცაციაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით განხორციელებული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

შსს-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია, სისტემის შიგნით, გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირებასა და მათ დროულად აღმოფხვრას უზრუნველყოფს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. დეპარტამენტი უკვე დაკომპლექტდა ღია კონკურსის წესით შერჩეული, საგამოძიებო, საპროკურორო და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრებით და სრულად შეუდგა მუშაობას.

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან, დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ტრეფიკინგთან ერთად, დეპარტამენტი განახორციელებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა, ასევე, სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით, სხვა დანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგს მთელი საქართველოს მასშტაბით, რითაც უზრუნველყოფს საგამოძიებო რეფორმის წარმატებით იმპლემენტაციისთვის სისტემის მომზადებას.

სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის მომზადდა მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქცია და მეთოდოლოგია.

გამოძიების ხარისხის მონიტორინგთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია განსაკუთრებით სენსიტიურ დანაშაულებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. მსხვერპლთა ინტერესების სრულყოფილად დასაცავად, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან. სამსახურის ძირითად მიზანს გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, დანაშაულის შედეგად გამოწვეულ პირველად სტრესთან გამკლავება და მათთვის სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობის გამარტივება წარმოადგენს. კოორდინატორთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას დეპარტამენტი განახორციელებს.

დეპარტამენტი კვლავ აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, სახალხო დამცველის აპარატთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის, ისე გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა ყვარელში სახლის ნანგრევებიდან ადამიანი გამოიყვანეს
შემდეგი სტატია15 მილიონი დაიხარჯა და შედეგი კატასტროფულია – კახა კალაძე კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაციაზე