შსს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება

region
ავტ.: region ნოემბერი 18, 2019 14:48

შსს რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, – ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

“როგორც საზოგადოებამ იხილა აქციების მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის
განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და
მანიფესტაციის გამართვისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. აქციები
მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე.

რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა
აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. კერძოდ, პოლიტიკური
პარტიების წარმომადგენლებმა და აქციის ორგანიზატორებმა მოახდინეს
საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური
ლიდერები აქციის მონაწილეებს ღიად მოუწოდებდნენ საპარლამენტო ორგანოს
საქმიანობისთვის ხელის შეშლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მიმართვის და გაფრთხილების
მიუხედავად, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება სცდება კანონით დადგენილ
ფარგლებს.

ყველამ ვიხილეთ კადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს „შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა
დარღვევა, რომლებიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების
ბლოკირებისა და მისი საქმიანობის შეფერხების აკრძალვას.

ასევე, დილიდან ვრცელდება კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, რომ აქციის
ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა საშუალება არ მისცეს პარლამენტის
დეპუტატებს, შესულიყვნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, რითაც ფერხდება
პარლამენტის საქმიანობა.

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების
უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს
შეუფერხებელი მუშაობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და აქციის
ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება,
დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და პროტესტი განაგრძონ კანონით დადგენილ
ფარგლებში.

კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს,
დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს
ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული
მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას.”-განაცხადეს ბრიფინგზე

region
ავტ.: region ნოემბერი 18, 2019 14:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,725
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics