შსს-მ ზუგდიდის ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის 2 პირი თბილისში დააკავა

region
ავტ.: region ოქტომბერი 24, 2020 10:20

შსს-მ ზუგდიდის ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის 2 პირი თბილისში დააკავა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთერთი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის შსს-მ 2 ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავა. ამის შესახებ განცხადებას უწყების ვებგვერდზე ვეცნობით.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 2 პირი: 1997 წელს დაბადებული ხ.ს. და 1998 დაბადებული მ.ბ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სოფელ ინგირში ბრალდებულები თავს დაესხნენ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობით, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაიტაცეს ფული და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 23 ოქტომბერს მოხდა, რომლის დროსაც ორმა ნიღბიანმა, დანით შეარაღებულმა პირმა 1 500-დან 3 000 ლარამდე ნავაჭრი თანხა წაიღო.

region
ავტ.: region ოქტომბერი 24, 2020 10:20