17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა.

პირები ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”- წერს უწყება ოფიციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ – ტრეფიკინგის ბრალდებით ორი პირი დააკავეს