შსს-მ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2019 წლის
ბოლომდე განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა და სოციალური კამპანიის
„მეტი სიცოცხლისთვის” ახალი ეტაპი საზოგადოებას წარუდგინა-ამის შესახებ “თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ
ღონისძიებაზე საკანონმდებლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციების, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გეგმების შესახებ
პრეზენტაციით გააცნო.

მისი ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისათვის” აქტიურად გრძელდება და
მისი ახალი ეტაპი იწყება. გრძელდება მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებების,
პრაქტიკული ქმედებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს
მიმართულებით.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევების მხრივ 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, წინა
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების
რაოდენობა შემცირებულია 10.2%-ით.

მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით:

 

„მისასალმებელია, რომ
ავტოსატრანსპორტო შემთხვევების დროს დაშავებულთა რაოდენობის მხრივ კლების
ტენდენციაა 2019 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 9
თვის მონაცემებით, სამწუხაროდ, გარდაცვლილია 337 ადამიანი, რაც წინა წლის 9
თვის მაჩვენებელზე 1.5%-ით ნაკლებია. თუმცა, ეს არ გვაძლევს სიმშვიდის
უფლებას და ვცდილობთ, ჩვენი ყველა ღონისძიება მიმართული იყოს ამ ციფრის
კლებისკენ.

მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები, საავტომობილო გზებზე ფარული კამერების
რაოდენობის ზრდა და ზოგადად, სამინისტროს მხრიდან რეგულაციების გამკაცრება
ვერ მიგვიყვანს რეალურ შედეგამდე, თუ არ მოხდება საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლება”.

2019 წლის აპრილის მდგომარეობით, მაშინ როდესაც კამპანია “მეტი
სიცოცხლისთვის” პირველი ეტაპი დაიწყო, მთელ საქართველოში 2 600-მდე ე.წ.
„ჭკვიანი კამერა” ფუნქციონირებდა, ხოლო დღეის მდგომარეობით კამერების
რაოდენობა შეადგენს 4 318-ს: საიდანაც 2 760 – ზოგადი ხედვის კამერაა, ხოლო
1 558 – ნომრის ამომცნობი კამერა. გეგმის მიხედვით, წლის ბოლოსთვის,
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედებული იქნება 5 000-მდე ვიდეოკამერა.

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, მათი ნაწილი უკვე წარედგინა
პარლამენტს – კერძოდ, მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში
გატანისთვის მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასევე დეპუტატებს
განხილვისთვის უკვე გადაეგზავნათ ცვლილებები, რომლებიც მოპედების
რეგისტრაციას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის”
ახალ ტალღა მოიცავს თემატურ ვიდეოკლიპებს, რომლებიც მედია საშუალებებში
გავრცელდება, ასევე იგეგმება მნიშვნელოვანი აქტიურობა სოციალურ მედიაში.
კამპანიის ფარგლებში, იგეგმება ღონისძიებების და შესაბამისი აქტივობების
განხორციელება რეგიონებში.

banner
წინა სტატიაში„ჩატარდეს აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნები“ – „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა
შემდეგი სტატიამარტვილში მგზავრობა ძვირდება