შსს-მ სადაზღვევო თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ
სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი
გახსნა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,
თაღლითური დაჯგუფების წევრები – 1978 წელს დაბადებული შ.თ., 1989 წელს
დაბადებული ი.წ. და 1984 წელს დაბადებული გ.ს. ამხილეს, ხოლო 1980 წელს
დაბადებული ი.ტ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის
17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის
მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ, სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს
სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ. შემდეგ, ამავე დაზღვეული
ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს –
განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების
შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას
ითხოვდნენ. სადაზღვევო კომპანიები კი ზარალის ასანაზღაურებელ თანხას
დამზღვევი პირების ანგარიშზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი
თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს, დაახლოებით, 33, 000
ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა.

გამოძიება მიმდინარეობს ი.ტ.-ს მიმართ საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის
მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 და
მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, ი.წ.-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ს 180-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შ.თ.-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ს
19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ს.-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ს 19-180-მუხლის
მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

banner
წინა სტატიაშიქართველმა პოლიციელმა სპორტსმენებმა აშშ-ში კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
შემდეგი სტატია„თბილისობა 2017“ 7-8 ოქტომბერს გაიმართება