შსს-მ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი სხვადასხვა ყაჩაღობისთვის 3 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ე.რ., 2001 წელს დაბადებული ე.გ. და 1997 წელს დაბადებული რ.ი. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.რ.-მ და ე.გ.-მ რუსთავში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლიდან მობილური ტელეფონი, ფული, ასევე სამკაულები გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, ქვემო ქართლში სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს რ.ი.-ც, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად, რუსთავში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 9 500 აშშ დოლარი გასტაცა.

“პოლიციამ დაკავებულის თანამზრახველების ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება,” – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიფოთში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა
შემდეგი სტატიადეპუტატი ნატო ჩხეიძე ზვიად გამსახურდიას შვილებს სოლიდარობას უცხადებს და პარლამენტისგან 26 წლის წინანდელი მოვლენების შეფასებას ითხოვს