ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი,- ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
როგორც უწყების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თქვა, ისინი „თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დააკავეს“. მათივე ცნობით, „კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია“
“სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.”– თქვეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
გამოძიების ინფორმაციითვე, ისინი ფინანსური დავების მოგვარების სანაცვლოდ მოქალაქეებს ფულს სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.








