შსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ასლან ვაშაყმაძე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე ფოთში ერთი პირი დააკავა.

საუბარია ალსან ვაშაყმაძეზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ.

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ასლან ვაშაყმაძეს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი – 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი facebook-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელიასა და ნიკა გვარამიას გარდა, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას სასამართლო პროცესებიც გადაიდო
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind-ი ონლაინ რეჟიმში გაიმართება