შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც, ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – აცხადებენ შსს-ში.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

banner
წინა სტატიაშიზუკა ბერძენიშვილი: ემზარ კვიციანს ვუსტვენდი, ხელი დამარტყა და წამაქცია
შემდეგი სტატიაემზარ კვიციანი მომხრეებს განცხადებით მიმართავს და მათ დღეს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს