შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი – 1968 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ჯ.ა., 1983 წელს დაბადებული ბ.გ., 1985 წელს დაბადებული ლ.ხ. და 1980 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბ.ზ. მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კიდევ ერთი ბრალდებული ბ.გ. თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი ქალაქ ზუგდიდში, დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 41 აბი “სუბოქსინი”, 3 შეკვრად დაფასოებული “სუბოქსინის” აბის ნატეხები და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

რაც შეეხება მ.კ.-ს, სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მისი პირადი ჩხრეკისას, 9 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეტადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიწავიდა წონის აუხსნელი კლება, რაც სავარაუდოდ, განპირობებულია იმით, რომ საკვებს ვერ იღებს – ექიმი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი – პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ