შსს-მ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია ხუთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომხდარი მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ხუთი პირი, რომელთაგან ოთხი დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობაში ედებათ.

„დაკავებულები არიან: 1985 წელს დაბადებული ი.ბ., 1990 წელს დაბადებული გ.ბ., 1996 წელს დაბადებული გ.ბ., 1985 წელს დაბადებული დ.ფ. და 1986 წელს დაბადებული ნ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სისტემატურად იპარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს, რის შემდეგაც მათ რეალიზაციას სხვადასხვა პირების მეშვეობით, უკანონოდ ახდენდნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა პარიზში მცხოვრებ ქართულ დიასპორას რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა
შემდეგი სტატია,,ისეთი კანონებისთვის დაგვიჭერია მხარი, რომელიც ბევრის თვალში არაკონსტიტუციური იყო”