შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ნაფეტვრების ტყეში ჯგუფურად ჩადენილ
ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი 2 პირი დააკავა.
სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და ამბროლაურის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნაფეტვრების ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ძებნილი, 1986 წელს დაბადებული ნ.ნ. სოფელ პატარა ონში,ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონის თანამშრომლებმა ბ.გ. თბილისში დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ნ. და ბ.გ. მიმდინარე წლის 5 ივლისს, ღამით,
სოფელ ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში, თანამზრახველებთან
ერთად, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში
ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ გ.ს.-სა და
მისი დაცვის თანამშრომელს – ნ.ბ.-ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს სხეულზე
დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალნენ, რომ გ.ს.-ს
კუთვნილი თანხის დაუფლება ვერ შეძლეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს თავდაცვის აქტის ჩანაწერის მიხედვით ,საქართველო როგორც მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა მოიაზრება
შემდეგი სტატიასავალუტო ჯიხურებში დოლარის კურსი დილიდან 2.6 ლარის ნიშნულის ფარგლებშია