შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები სენაკის რაიონის სოფელ ლეძაძამეში დააკავეს.

დაკავებულები არიან 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ჩ, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ, 1991 წელს დაბადებული ლევან ჯ, 1989 წელს დაბადებული ლაშა ჯ. და 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იმედა ტ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 2015 წლის 20 სექტემბერს სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში ყაჩაღურად თავს დაესხნენ გურამ შ-ს ოჯახს, საიდანაც 200 კგ თხილი, სხვადასხვა საოჯახო და პირადი ნივთები გაიტაცეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, 2 ერთლულიანი გადაჭრილი თოფი ე.წ. „აბრეზი“ 10 საბრძოლო ვაზნით, რევოლვერი 5 საბრძოლო ვაზნით, „გოლდ სტარ 2002“-ის მოდელის პისტოლეტი 1 საბრძოლო ვაზნით და 4 ნიღაბი ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაში„ლიტვა არის საქართველოს ტრადიციული მხარდამჭერი და დიდი მეგობარი ქვეყანა“
შემდეგი სტატია„დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებაზე მსჯელობა არ ყოფილა“