შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული ზ.ფ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის ერთ-ერთი ტოტალიზატორის მენეჯერს მუქარის წერილი გაუგზავნა და დიდძალი თანხა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში, ზ.ფ. მსხვერპლს ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. მოგვიანებით, ბრალდებული რამდენჯერმე მობილური ტელეფონითაც დაუკავშირდა ტოტალიზატორის მენეჯერს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის გადახდა მოსთხოვა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ფ. თბილისში, გლდანში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მუქარის მორიგ ზარს ახორციელებდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანა და მობილური ტელეფონი, რომლითაც ზ.ფ. მსხვერპლს ურეკავდა და ემუქრებოდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითბილისში ტაქსების ლიცენზირების პროცესი მისასალმებელია, თუმცა მნიშვნელოვანია კერძო სექტორი მიმდინარე პროცესს მომზადებული შეხვდეს
შემდეგი სტატია30 სექტემბერს, 08:00-დან 14:00 საათამდე, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება