საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ბოლო 24 საათში, საბაჟო გამშვები პუნქტ „ლარსის“ გავლით, ქვეყნის საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა და მას დეზინფორმაციას უწოდებს.
„საზოგადოების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ცალკეული დაინტერესებული პირების მხრიდან მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.
განვმარტავთ, რომ ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, საბაჟო გამშვებ პუნქტ ლარსის გავლით, სხვადასხვა ქვეყნის 7 880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. ასევე, ანალოგიურ პერიოდში, ამავე გამშვები პუნქტით ქვეყანა დატოვა სხვადასხვა ქვეყნის 8 406-მა მოქალაქემ.
მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ასევე სხვადასხვა მონაცემის არასწორი ინტერპრეტაციითა და დამახინჯებული ფორმით გავრცელებისგან“, — აცხადებს სამინისტრო.
ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარი 20 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, გამოცემა „მედუზამ“ რუსეთის ფედერალურ საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით გავრცელა.














