შსს: კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია – 2 ადამიანს ვეძებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელის მკვლელობის ფაქტი გახსნეს და საქმეზე 2 ადამიანს – 2 000 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და 1999 წელს დაბადებულ გ.კ.-ს ეძებენ.

უწყების ინფორმაციით, ისინი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ნაქირავები მანქანით ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ – მათივე ცნობით, გარდაცვლილს 10-ზე მეტი ტყვია ა.ჭ.-მ ესროლა.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნ.კ.-ს ჩაუსაფრდნენ. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”. – წერია განცხადებაში.

ა.ჭ.-სა და გ.კ.-ს საქართველოს პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ. დანაშაული 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით და ასევე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ბრალდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალის დაზუსტება.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.

წინა სტატიაშიპატივი ეცით ნიკოს ხსოვნას, ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს – ნიკო კვარაცხელიას მამიდა
შემდეგი სტატიაბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება მიმდინარეობს