შსს – ყალბი ინფორმაციების გავრცელების მიზანია პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დემორალიზება

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტის ფაქტები, რომელიც ეხებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა პირობებს და უწყებიდან თანამშრომელთა გადინებას.
“გვსურს გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ ცრუ და მიზანმიმართულად გაყალბებულ ინფორმაციაზე აგებულ სიუჟეტს, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის რიგები ბოლო პერიოდში, არასათანადო პირობების გამო ათეულობით თანამშრომელმა დატოვა.

სიუჟეტის შესავალშიც და წამყვანის დასკვნაშიც ნათლად ჩანდა სიუჟეტის მიზანი, პოლიციელების და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა დემორალიზება.

სიუჟეტში ნათქვამი არც ერთი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულად არის გაყალბებული.

მაყურებელს აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტებიც კარგად ემახსოვრება, სადაც პოლიციელების პირობების გაუმჯობესებისთვის გამოცხადებულ თითოეულ მსგავს ტენდერს განსაკუთრებული კრიტიკა და ბიუჯეტის “ფლანგვის” შეფასებები ახლავს. მსგავსი მიდგომები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მედიაორგანიზაციის ორმაგ სტანდარტს.

რაც შეეხება კიდევ ერთ ყალბ ინფორმაციას უწყებიდან თანამშრომელთა მასობრივ გადინებას, აღნიშნულიც არის სიცრუე და გადაუმოწმებელი ინფორმაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითემურ ჯანაშია – ცხრა წელი „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა ამომრჩეველს, რომ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარდგებოდა, აგერ არის სასამართლო
შემდეგი სტატიადღეს კიდევ ერთხელ ვხვდებით მოწმე იმის, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს – ადვოკატები